weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნიდან გასვლის უფლება შეუზღუდეს

09:51 კვირა, 11 აგვისტო 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, გვარამიას გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღე აქვს. თავად გვარამია აცხადებს, რომ თანხას არცერთ შემთხვევაში გადაიხდის.

„ეს გადაწყვეტილება სამართლებრივადაც და ეკონომიკურადაც ძალიან ცუდია. კონტრაქტის თავისუფლება არის უზენაესი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამაზე არ დგება. მაქსიმუმ დადგეს სამეწარმეო პასუხისმგებლობა და პასუხი აგებინონ დირექტორს.

მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო. 9 აგვისტოს კი „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსთან“ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 6 763 510 ლარით აზარალა.

პროკურატურამ სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე 10 აგვისტოს მიმართა და გირაოდ 80 000 ლარის შეფარდება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]